თეატრის სრული რეაბილიტაცია

  26 მარ. 2015 წ.

   ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

  თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი მომზადებულ იქნა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"–ს არქიტექტურული სამსახურის მიერ (პროექტის მთავარი არქიტექტორი ელგუჯა ოსეფაიშვილი). სამუშაოებს აწარმოებს საამშენებლო კომპანია შპს "ელიტ ბურჯი". სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"–ს მიერ.

ამ ეტაპისათვის მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა ჩატარებული. თბილისში სარესტავრაციოდ გაიგზავნა მაყურებელთა დარბაზის სავარძლები, თეატრის შიდა და გარე ჭაღები და ბრები, დასრულდა ამორტიზირებული კომუნიკაციებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი, აიყარა მაყურებელთა შემოსასვლელში არსებული გრანიტის იატაკი, შენობა დაიქსელა გათბობის თანამედროვე მილებით, სრულდება ახალი ელექტროსადენების მონტაჟი, უახლოეს დღეებში დაიწყება პირველი სართულის საყრდენი სვეტების გამაგრებითი სამუშაოები. დასრულდა სარეპეტიციო დარბაზის აღდგენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია გადასული, წინასწარ განსაზღვრული გეგმის თანახმად, თეატრის დასი განახლებულ შენობაში 2017 წლის დასაწყისში დაუბრუნდება.
  თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი მაღალპროფესიულად არის შესრულებული და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. აგრეთვე, აღსანიშნავია სამუშაოთა წარმოების მაღალი ხარისხი, რისთვისაც თეატრი მადლობას უხდის პროექტის დამფინანსებელს, საერთაშორისო საქველმოქმებო ფონდ "ქართუს", პროექტის ავტორს და სამუშაოთა მწარმოებელს შპს "ელიტ ბურჯს".