ახალი სცენა

  04 აგვ 2015

2015 წლის 4 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი თეატრალური სივრცე - "ახალი სცენა".

თეატრის საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა თეატრებიდან ჩამოსულმა თანამედროვე ქართული თეატრის თვალსაჩინო მოღვაწეებმა, თეატრის კრიტიკოსებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. თეატრის გახსნას ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი არჩილ ხაბაძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ავთანდილ ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბატონი გიორგი თავამიაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი ბატონი გიორგი ერმაკოვი. თეატრის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად თეატრს ესტუმრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი გოგი ქავთარეძე.

ახალი თეატრის გახსნასთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა დრამატული თეატრის სამსატვრო ხელმძღვანელმა ბატონმა ანდრო ენუქიძემ, მან მადლობა გადაუხადა აჭარის ხელისუფლებას თანადგომისათვის. თეატრის გახსნა საზოგადოებას მიულოცა საქართველოსა და აჭარის კულტურის მინისტრებმა.

თეატრის გახსნის ოფიციალური ნაწილის შემდეგ თეატრმა მაყურებელს წარუდგინა ახალი საპრემიერო სპექტაკლი ლილიან კავანის ,,ღამის პორტიე“ (რეჟისორი ზაზა სიხარულიძე), 5 აგვისტოს კი გაიმართება პრემიერა ინგმარ ვილკვისტის ნაწარმოების მიხედვით „ბონდოს ღამე“ (რეჟისორი ანდრო ენუქიძე).