თეატრის ისტორია

ბათუმში პირველი ქართული წარმოდგენა 1879 წლის 8 (20) ივლისს ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა გამართეს. ამით საფუძველი ჩაეყარა ქართულ თეატრს აჭარაში. წარმოდგენის ინიციატორი იყო ბათუმის პოლიცმაისტერის მეუღლე ქეთევან ჟურული. სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს ზ.ანტონოვის კომედია „განა ბიძიამ ცოლი შეირთო?“

თეატრის პირველი შენობა 1884 წელს ააგეს, იგი იტევდა 450-მდე მაყურებელს. შემდეგში თეატრი განთავსდა ე.წ. „რკინის თეატრში“. მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დამდეგს სცენისმოყვარეთა მუდმივ დასს ხელმძღვანელობდა ბათუმში სამხედრო სამსახურში მყოფი დავით კლდიაშვილი. სცენისმოყვარეები წარმოდგენებს მართავდნენ საქველმოქმედო მიზნით - „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ქართული წიგნთსაცავისა და ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ.

1912 წლის 28 აგვისტოს მსახიობთა კრებამ დააფუძნა მსახიობთა ამხანაგობა. რეჟისორად არჩეულ იქნა შალვა დადიანი. „მოგზაურთა დასმა“ პირველი წარმოდგენა ბათუმში გამართა 15 სექტემბერს, შმაევსკის თეატრში. ასე ჩაეყარა საძირკველი მესამე პროფესიულ თეატრს საქართველოში.  1913 წელს ბათუმში დაარსდა დრამატული საზოგადოება, რომელსაც თავმჯდომარეობდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე ივანე მესხი. დრამატული საზოგადოების გამგეობამ შეადგინა პროფესიონალთა დასი, რომელსაც რეჟისორობდა შალვა დადიანი. ბათუმის დრამატული დასის შემადგენლობაში შედიოდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მსახიობები.

1921 წელს ბათუმის თეატრს „აკადემიურის“ წოდება მიენიჭა.

1928 წელს კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა მეორე სახელმწიფო თეატრი, რომელსაც „ქუთაის-ბათუმის თეატრი“ ეწოდებოდა. თეატრის თბილისში გადასვლამდე, 1928-1930 წლებში თეატრი წარმოდგენებს მართავდა როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში.

1931-1932 წლების თეატრალურ სეზონში ბათუმის თეატრის დასში ჩაირიცხა ახალგაზრდა იუსუფ კობალაძე. დასს ხელმძღვანელობდა კოტე მარჯანიშვილი.

1937 წლის 18 მარტს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ახალი თეატრი, რომლის დასი შედგებოდა რუსთაველის თეატრის დრამატულ სტუდიაში გამოზრდილი ახალგაზრდებისაგან. ჯგუფის პედაგოგები იყვნენ: სანდრო ახმეტელი, აკაკი ვასაძე, შოთა აღსაბაძე, კოტე პატარიძე, დიმიტრი ალექსიძე და სხვები. დასმა წარმოადგინა გ. მდივნის დრამა „ბრმა“, რომელშიც მთელი დასი მონაწილეობდა. დასში შედიოდნენ ლილი აფხაზავა, ალექსანდრა გორნელი (დარჩია), ნუნუ თეთრაძე, ნინო ფხაკაძე, გიორგი ახვლედიანი, ხასან ბაბუჩოღლი, ბუხუტი ზაქარიაძე, სულიკო თურმანიძე, ისკანდერ კაიკაციშვილი, იუსუფ კობალაძე, აკაკი მგელაძე, ხასან მეგრელიძე, ზორბეგ ღლონტი, ედნარ შამილაძე, მიხეილ წიგნაძე, მურად ხინიკაძე და სხვები. სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა არჩილ ჩხარტიშვილი, დამდგმელ რეჟისორად - შალვა ინასარიძე.

30-40-იანი წლების სათეატრო სეზონები ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და საინტერესეო იყო. თეატრმა განახორციელა მრავალი დადგმა, რომელთა შორის აღსანიშნავია კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“ (რეჟისორი - დ. ალექსიძე), გ. მდივნის „ალკაზარი“ (რეჟისორი - შ. ინასარიძე), შ. დადიანის „გუშინდელნი“ (რეჟისორი - შ. ინასარიძე), ა. ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (რეჟისორი - ა. ჩხარტიშვილი), ვ.დარასელის „კიკვიძე“ (რეჟისორი - რ. ჩომახიძე), ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (რეჟისორი - ა. ჩხარტიშვილი). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თეატრის დასში ჩაირიცხა გაიოზ გოგიბერიძე, აკაკი მგელაძე.

1946 წლის 27 ივლისს ბათუმის თეატრმა მაყურებელს უჩვენა სოფოკლეს „მეფე ოიდიპოსი“ (რეჟისორები - ა. ჩხარტიშვილი, შ. ინასარიძე). სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. პრესა ფართოდ გამოეხმაურა თეატრის ამ შემოქმედებით გამარჯვებას. ცნობილი დრამატურგი ლ. მალიუგინი წერდა: „რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ქართულ თეატრში ვნახე „ოიდიპოს მეფის“ ბრწყინვალე დადგმა. ჩემთან ერთად ამერიკელი მწერალი სტეინბეკი აღფრთოვანებული იყო სპექტაკლით და მე ვამაყობდი იმით, რომ ამერიკელმა მწერალმა ვერ იხილა სოფოკლე ვერც თავის ქვეყანაში, ვერც დიდი დრამატურგის სამშობლოში - საბერძნეთში და ნახა იგი ჩვენთან, არა მარტო დედაქალაქის ვახტანგოვის თეატრის სცენაზე, არამედ პატარა სანავსადგურო ქალაქში, რომელიც ამერიკული წესის მიხედვით, განთქმული უნდა ყოფილიყო არა თეატრით, არამედ დანსინგებითა და ლუდხანებით“.

1952 წლის 19 მარტს ბათუმში გაიხსნა თეატრის ახალი შენობა, რომელიც არქიტექტორ ი. ტეპლიცკის პროექტით აშენდა.

1959 წელს ბათუმის თეატრს მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სახელი. ორმოცდაათიან წლებში ბათუმის თეატრს დროთა განმავლობაში ახალგაზრდა მსახიობები შეემატნენ: მიხეილ ნაპირელი, ლუბა კობეშავიძე, თამარ სულხანიშვილი, ნათელა წერეთელი, იური ცანავა, მანუჩარ შერვაშიძე, ნინო საკანდელიძე და სხვები. 1957 წელს თბილისში გამართულ აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე თეატრმა მაყურებელს უჩვენა რეპერტუარის საუკეთესო სპექტაკლები: ვ. კანდელაკის ,,მაია წყნეთელი“ (რეჟისორი-გ.ლაღიძე), სოფოკლეს „მეფე ოიდიპოსი“( რეჟისორები- ა.ჩხარტიშვილი, შ.ინასარიძე), პ.ლორიას „დინარა“ (რეჟისორი-გ.მრავლაძე), შექსპირის „ჰამლეტი“ (რეჟისორები-ა.ჩხარტიშვილი, შ.ინასარიძე), ა.შტეინის „პერსონალური საქმე“ (რეჟისორი- შ. ინასარიძე). თეატრმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები ქართულ თეატრში. ასპარეზზე გამოდის ნიჭიერი ახალგაზრდობა. თბილისის თეატრების მსგავსად, დგება ბათუმის თეატრის განახლების პერიოდი. 60-70-იან წლებში ბათუმის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი ივსება ახალგაზრდა რეჟისორებითა და მსახიობებით, რომლებმაც შემდგომში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბათუმის თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. ესენი იყვნენ: რეჟისორები: გიზო ჟორდანია, გოგი ქავთარაძე, ენვერ ჩაიძე, თემო აბაშიძე, გურამ აბესაძე, დათო ხინიკაძე; მსახიობები: ლევან ღლონტი, ამირან ტაკიძე, ნიაზ მესხიძე, ნუნუ ხინიკაძე, ბერდია ინწკირველი, 70-იანი წლებიდან: სერგო ბაზიაშვილი, სერგო კუნჭულია, ცირა აბზიანიძე, ლუიზა ჯიბლაძე, ნოდარ იაკობაძე და სხვები. ბათუმის თეატრის 60-70-იანი წლების რეპერტუარი გამოირჩევა მრავალფეროვნებით: იდგმება მსოფლიო და ქართული კლასიკური ნაწარმოებები: კ.გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“ (რეჟისორი - ი.კობალაძე), ა. ოსტროვსკის „უმზითვო“ (რეჟისორი - შ. ინასარიძე), გილიერმოს "მელია და ყურძენი" (რეჟისორი - შ. ინასარიძე), მოლიერის „ძალად ექიმი“ (რეჟისორი - ე. ჩაიძე), შექსპირის „მეთორმეტე ღამე“ (რეჟისორი - გ. ქავთარაძე), ნ. გოგოლის „რევიზორი“ (რეჟისორი - გ. ქავთარაძე), ჰაშეკის „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“ (რეჟისორი - ე. ჩაიძე), მ. გორკის „ეგორ ბულიჩოვი“ (რეჟისორი - გ. აბესაძე), დიურენმატის „ფიზიკოსები“ (რეჟისორი - დ. ხინიკაძე), ვაჟა-ფშაველას „მინდია“ (რეჟისორი - გ. ჟორდანია), ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ და „სტუმარ-მასპინძელი“ (რეჟისორი - გ. ქავთარაძე). ე.იურანდოტის "მეცხრე წმინდანი" (რეჟისორი - გ. აბესაძე).

70-90-იან წლებში თეატრში მოდის ახალი თაობა, მსახიობები: ა.ქარჩავა, კ. კობალაძე, ბ. მიქაუტაძე, ლ. აბულაძე, ნ. გოგიტაური, ჯ. ველიაძე, მ. ცეცხლაძე, ტ. კომახიძე, ე. ჩავლეიშვილი და სხვები; რეჟისორები: ზ. სიხარულიძე, მ. ლებანიძე.

80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ- პოლიტიკური ცვლილებები აისახა მთლიანად ქართულ და მათ შორის ბათუმის თეატრზე. არასტაბილურმა ვითარებამ ზეგავლენა იქონია თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკაზე, მის ესთეტიკაზე. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება ლევან მირცხულავა, რომელიც ცდილობს არსებული ვითარების შეცვლას. მის მიერ დადგმულმა ჟან ანუის ,,ტოროლამ“ და გრიგოლ რობაქიძის ,,ლამარამ“ არსებულ ვითარებაზე გავლენა ვერ მოახდინა.

2005 წლიდან თეატრის  სამხატვრო კონსულტანტად რობერტ სტურუა, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი თავაძე (რობერტ სტურუას მოსწავლე) დაინიშნა. რობერტ სტურუას მიერ დადგმული დ. კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი“ თეატრის განახლების საფუძვლად იქცა. ამ პერიოდში ხდება თეატრის დასის განახლება, თეატრის დასში ირიცხებიან ახალგაზრდა მსახიობები დ. ჯაყელი, მ. მანჯგალაძე, თ. შამილაძე, მ. კობალაძე, თ. თათარაშვილი, ჯ. კახიძე, მ. ნაკაშიძე, მ. ბურდული, ო. ქათამაძე და სხვები. განხორციელდა რიგი საინტერესო დადგმები: ლ.ბუღაძის ,,ნუგზარი და მეფისტოფელი“, ი. სამსონაძის „საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში“, ი. სამსონაძის „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“. თეატრი გახდა ევროპის თეატრების არაფორმალური ორგანიზაციის წევრი.

2014 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად საშუალო თაობის გამორჩეული რეჟისორი ანდრო ენუქიძე დაინიშნა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა შემოქმედებითი ატმოსფერო, განაახლა რეპერტუარი, თეატრი მაყურებელს რეგულარულად სთავაზობს საპრემიერო წარმოდგენებს. ამავე პერიოდში – 2015 წელს შეიქმნა ახალი ექსპერიმეტული სივრცე ,,ახალი სცენა“, სადაც ყველა თაობის ქართველი და უცხოელი რეჟისორები – ანდრო ენუქიძე, ზაზა სიხარულიძე, ლაშა შეროზია, ავთო ვარსემაშვილი, მიშა ჩარკვიანი, იონ საპდარუ (რუმინეთი), თარეკ ისკანდერი (დიდი ბრიტანეთი), ნუგზარ გაჩავა, ნინი ჩაკვეტაძე, გოგი ქავთარაძე, ლინას მარიუს ზაიკაუსკასი (ლიეტვა), იაცეკ გლომბი (პოლონეთი), ჰანა მოსი, და დევიდ რალფი (დიდი ბრიტანეთი), დავით მაცხონაშვილი, გოგი მარგველაშვილი, ზურა სიხარულიძე, გიორგი შალუტაშვილი, ქეთი დოლიძე, გიორგი სიხარულიძე, ქრესიდა ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი), გაბრიელ გოშაძე, მანანა კვირკველია ახორციელებენ ექსპერიმენტულ დადგმებს.  თეატრის რეპერტუარშია შექსპირის, გოგოლის, ზოლას, ფრანკოს, მროჟეკის, კლდიაშვილის, ვაჟა ფშაველასა და სხვა კლასიკოსთა ნაწარმოებები.

თეატრი რეგულარულად მართავს საგასტროლი ტურნეებს როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მონაწილეობს პრესტიჟულ ფესტივალებსა და თეატრალურ ფორუმებში. შემოქმედებითი წარმატებებისათვის თეატრის არაერთი შემოქმედი დაჯილდოვდა ფესტივალებისა და კონკურსების პრესტიჟული ჯილდოებით.

2015-2018 წლებში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ მიერ განხორციელდა თეატრის ისტორიული შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. ამჟამად თეატრში ფუნქციონირებს "დიდი სცენა", "ექსპერიმენტული სცენა" და "ახალი სცენა". თეატრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკური საშუალებებით.

2019 წლის 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღეს საზეიმოდ გაიხსნა თეატრის შენობა პრემიერებით – "kLDIASHVILI.GE #იმედითადამოთმინებით (დავით კლდიაშვილის ნაწარმოების "უბედურება" მიხედვით), "ხანუმა" (ავქსენტი ცაგარელი). რეჟისორი ანდრო ენუქიძე.