ბათუმის დრამატული თეატრი

კახა კობალაძე იუბილარია

  13 სექ. 2017 წ.

კახა კობალაძემ 1974 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, დაიწყო მუშაობა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1976 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, ცნობილი პედაგოგის ნუგზარ გაჩავას სამსახიობო ჯგუფში. რომლის დამთავრების შემდეგ, 1980 წელს, კახა კობალაძე ჩაირიცხა ბათუმის დრამატული თეატრის დასში. შესანიშნავი გარეგნობის, გამორჩეული ხმის ტემბრის, დახვეწილი პლასტიკის მქონე ახალგაზრა მსახიობი მალე თეატრის რეპერტუარის წამყვანი მსახიობი ხდება.

კახა კობალაძემ დღიდან მუშაობის დაწყებისა თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა და პერსპექტიულმა ახალგაზრდა შემოქმედმა. მის მიერ განსახიერებულმა როლებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა, დამწყებმა მსახიობმა განასახიერა მთელი რიგი მთავარი როლებისა: დიმა (ა. ვამპილოვის ,,იხვებზე ნადირობა“), იაზონი (ლ. სანიკიძის ,,მედეა“), დათიკო (ნ. დუმბაძის ,,მე ვხედავ მზეს“), გიო (ლ. თაბუკაშვილის ,,ათვინიერებენ მიმინოს“) და სხვა. ა. ,,კახა კობალაძეს შესწევს უნარი განასახიეროს როგორც დრამატული, ასევე სახასიათო როლები და ამით თავისი წვლილი შეიტანოს სპექტაკლის და ზოგადად თეატრის შემოქმედებით წარმატებაში“ - ზოგადად ასეთი იყო თეატრის სპეციალისტების შეფასების პათოსი ახალგაზრდა მსახიობის შემოქმედების შესახებ.

საკმაოდ წარმატებული და მრავალფეროვანი გამოდგა კახა კობალაძის სასცენო მოღვაწეობის პირველი ათწლეული. ზოგადად ეს პერიოდი, 80 - იანი წლები წარმატებული იყო ბათუმის დრამატული თეატრისათვის, ახალი თაობა თეატრის შემოქმედებით კოლექტივში (ახალგაზრდა მსახიობები, რეჟისორები), საინტერესო ახალი ქართული და ევროპული დრამა თეატრის რეპერტუარში, თამამი შემოქმედებითი ძიებები და ექსპერიმენტები თეატრის სცენაზე, წარმატებული გასტროლები ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. ყოველივე ამის აქტიური თანამონაწილე და შემოქმედი თეატრის შემოქმედებით კოლექტივთან ერთად კახა კობალაძე იყო.

90-იან წლებში (1995-1996 წწ. თეატრალური სეზონი) უკვე საკმაოდ გამოცდილი და პოპულარული მსახიობი ასახიერებს მინდიას როლს გრ. რობაქიძის ,,ლამარაში“ (რეჟისორი ლევან მირცხულავა). კახა კობალაძემ სრულყოფილად გახსნა გმირის სულიერი სამყარო, ჩაწვდა პერსონაჟის ფსიქოლოგიურ სიღრმეებს. გამოცდილი მსახიობი დღესაც წარმატებით მოღვაწეობს მშობლიური თეატრის სცენაზე, აქტიურად არის ჩაბმული თეატრის შემოქმედებით პროცესში. გარდა თეატრისა, მსახიობმა არაერთი საინტერესო სახე შექმნა კინოში.

ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კახა კობალაძეს 1987 წელს აჭარის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება მიენიჭა, იგი იუსუფ კობალაძის სახელობის პრემიის ლაურეატია, არაერთგზის არის დაჯილდოებული პრემიით მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თეატრის ერთგული მაყურებლის სახელით ულოცავს შესანიშნავ ქართველ მსახიობს, ბატონ კახა კობალაძეს დაბადებიდან 60 წლის საიუბილეო თარიღს.

ბატონო კახა გისურვებთ ჯანმრთელობას დღეგრძელობას და მომავალ შემოქმედებით წარმატებებს.