ბათუმის დრამატული თეატრი

საგასტროლო ტურნე ევროპაში

  11 მარ. 2017 წ.

 ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა ორკვირიანი საგასტროლო ტურნე გამართა ევროკავშირის ქვეყნებში, ლიტვასა და პოლონეთში.

  საგასტროლო ტურნეში თეატრმა ბოლო პერიოდში დადგმული ორი სპექტაკლი წაიღო, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ანდრო ენუქიძის სპექტაკლი ,,სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო?!“ (სლავომირ მროჟეკის მიხედვით) და პოლონელი რეჟისორის იაცეკ გლომბის მიერ ბათუმის დრამატულ თეატრში დადგმული სპექტაკლი ,,რამდენი დემონიც გნებავთ“ (იეჟი პილხის რომანის მიხედვით).
საგასტროლო ტურნე თეატრმა დაიწყო ლიტვის ქალაქ პანევეჟისიდან, სადაც მილტინისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 26 თებერვალს სპექტაკლი ,,რამდენი დემონიც გნებავთ“. აღსანიშნავია, რომ 25 თებერვალს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და პანევეჟისის მილტინისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლინას მარიუს ზაიკაუსკასმა ხელი მოაწერეს ბათუმისა და პანევეჟისის დრამატული თეატრების ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმზე ხელმოწერის საზეიმო ცენემონიალზე ორთავე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეატრებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს არამარტო ორ თეატრს შორის შემოქმედებითი ურთიერთობის, არამედ ლიტვასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განმტკიცებას.
   ბათუმის თეატრის დასმა ლიტვის შემდგომ საგასტროლო ტურნე პოლონეთში გააგრძელა. 1 მარტს ქალაქ ლეგნიცაში მედიისათვის მოეწყო თეატრის შემოქმედებითი ჯგუფის პრესკონფერენცია. 2 მარტს ელენე მოდრეჟკას სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა სპექტაკლი ,,რამდენი დემონიც გნებავთ“, ხოლო 3 მარტს ,,სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო?!“. ბათუმის დრამატული თეატრის საგასტროლო ჯგუფმა ლეგნიციდან გადაინაცვლა ქალაქ ვროცლავში და ვროცლავის თეატრ პოლსკიში 4 მარტს გამართა სპექტაკლი ,,რამდენი დემონიც გნებავთ“, ხოლო 5 მარტს ,,სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისა?!“. 7 მარტს ქალაქ ვალბჟიხის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი ,,რამდენი დემონიც გნებავთ“. საგასტროლო ტურნე ბათუმის დრამატულმა თეატრმა დაასრულა 8 მარტს ქალაქ ელენა გურას ციპრიანა ნორვიდას სახელმწიფო თეატრში სპექტაკლით ,,სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო?!“.
   აღსანიშნავია, რომ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე პირველად გამართა ასეთი ხანგრძლივი და მასშტაბური საგასტროლო ტურნე უცხოეთის 2 ქვეყანაში.