ბათუმის დრამატული თეატრი

თეატრის ისტორია

  ბათუმში პირველი ქართული წარმოდგენა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების შემდეგ, 1879 წლის 8 (20) ივლისს ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა გამართეს. ამით საფუძველი ჩაეყარა ქართულ თეატრს აჭარაში. წარმოდგენის ინიციატორი იყო ბათუმის პოლიცმაისტერის მეუღლე ქეთევან ჟურული. სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს ზ.ანტონოვის კომედია „განა ბიძიამ ცოლი შეირთო?“
თეატრის პატარა შენობა 1884 წელს ააგეს, იგი იტევდა 450-მდე მაყურებელს. შემდეგში თეატრი განთავსდა ე.წ. „რკინის თეატრში“. მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დამდეგს სცენისმოყვარეთა მუდმივ დასს ხელმძღვანელობდა ბათუმში სამხედრო სამსახურში მყოფი დავით კლდიაშვილი. სცენისმოყვარეები წარმოდგენებს მართავდნენ საქველმოქმედო მიზნით - „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ქართული წიგნთსაცავისა და ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ.
1912 წლის 28 აგვისტოს შედგა მსახიობთა კრება და დაფუძნდა მსახიობთა ამხანაგობა. რეჟისორად არჩეულ იქნა შალვა დადიანი. „მოგზაურთა დასმა“ პირველი წარმოდგენა ბათუმში გამართა 15 სექტემბერს,  შმაევსკის თეატრში. ასე ჩაეყარა საძირკველი მესამე პროფესიულ თეატრს საქართველოში, რასაც იმ დროს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული თეატრალური კულტურის განვითარებისათვის. 1913 წელს ბათუმში დაარსდა დრამატული საზოგადოება, რომელსაც თავმჯდომარეობდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე ივანე მესხი. დრამატული საზოგადოების გამგეობამ შეადგინა პროფესიონალთა დასი, რომელსაც რეჟისორობდა შალვა დადიანი. ბათუმის დრამატული დასის შემადგენლობაში შედიოდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მსახიობები.
1921 წელს ბათუმის თეატრს „აკადემიურის“ წოდება მიენიჭა.  
1928 წელს კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა მეორე სახელმწიფო თეატრი, რომელსაც „ქუთაის-ბათუმის თეატრი“ ეწოდებოდა. თეატრის თბილისში გადასვლამდე, 1928-1930 წლებში თეატრი წარმოდგენებს მართავდა როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში.
1931-1932 წლების თეატრალურ სეზონში ბათუმის თეატრის დასში ჩაირიცხა ახალგაზრდა იუსუფ კობალაძე. დასს ხელმძღვანელობდა კოტე მარჯანიშვილი.
1932 წელს ბათუმში რუსთაველის თეატრის მორიგი გასტროლის დროს აჭარის ხელისუფლება შეუთანხმდა თეატრის ხელმძღვანელს სანდრო ახმეტელს, რომ რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში შექმნილიყო აჭარის სექცია, რომელიც ითვალისწინებდა ბათუმის თეატრის მსახიობთა ჯგუფის მომზადებას. რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა მიღება სტუდიაში. სტუდიისათვის შერჩეულ იქნა 20-ზე მეტი ახალგაზრდა. ჯგუფის პედაგოგები იყვნენ: სანდრო ახმეტელი, აკაკი ვასაძე, შოთა აღსაბაძე, კოტე პატარიძე, დიმიტრი ალექსიძე და სხვები.
1937 წლის 18 მარტს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ახალი თეატრი, რომლის დასი შედგებოდა რუსთაველის თეატრის დრამატულ სტუდიაში გამოზრდილი ახალგაზრდებისაგან. მათ წარმოადგინეს გ. მდივნის დრამა „ბრმა“, რომელშიც მთელი დასი მონაწილეობდა. დასში შედიოდნენ ლილი აფხაზავა, ალექსანდრა გორნელი (დარჩია), ნუნუ თეთრაძე, ნინო ფხაკაძე, გიორგი ახვლედიანი, ხასან ბაბუჩოღლი, ბუხუტი ზაქარიაძე, სულიკო თურმანიძე, ისკანდერ კაიკაციშვილი, იუსუფ კობალაძე, აკაკი მგელაძე, ხასან მეგრელიძე, ზორბეგ ღლონტი, ედნარ შამილაძე, მიხეილ წიგნაძე, მურად ხინიკაძე და სხვები. სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა არჩილ ჩხარტიშვილი, დამდგმელ რეჟისორად - შალვა ინასარიძე.
30-40-იანი წლების სათეატრო სეზონები ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და საინტერესეო იყო. თეატრმა განახორციელა მრავალი დადგმა, რომელთა შორის აღსანიშნავია კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“ (რეჟისორი - დ. ალექსიძე), გ. მდივნის „ალკაზარი“ (რეჟისორი - შ. ინასარიძე), შ. დადიანის „გუშინდელნი“ (რეჟისორი - შ. ინასარიძე), ა. ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (რეჟისორი - ა. ჩხარტიშვილი), ვ.დარასელის „კიკვიძე“ (რეჟისორი - რ. ჩომახიძე), ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (რეჟისორი - ა. ჩხარტიშვილი).მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თეატრის დასში ჩაირიცხა გაიოზ გოგიბერიძე, აკაკი მგელაძე. 
     1946 წლის 27 ივლისს ბათუმის თეატრმა მაყურებელს უჩვენა სოფოკლეს „მეფე ოიდიპოსი“ (რეჟისორები - ა.ჩხარტიშვილი, შ ინასარიძე). სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. პრესა ფართოდ გამოეხმაურა თეატრის ამ შემოქმედებით გამარჯვებას. ცნობილი დრამატურგი ლ. მალიუგინი წერდა: „რამდენიმე თვის წინათ ბათუმში, ქართულ თეატრში ვნახე „ოიდიპოს მეფის“ ბრწყინვალე დადგმა. ჩემთან ერთად ამერიკელი მწერალი სტეინბეკი აღფრთოვანებული იყო სპექტაკლით და მე ვამაყობდი იმით, რომ ამერიკელმა მწერალმა ვერ იხილა სოფოკლე ვერც თავის ქვეყანაში, ვერც დიდი დრამატურგის სამშობლოში - საბერძნეთში და ნახა იგი ჩვენთან, არა მარტო დედაქალაქის ვახტანგოვის თეატრის სცენაზე, არამედ პატარა სანავსადგურო ქალაქში, რომელიც ამერიკული წესის მიხედვით, განთქმული უნდა ყოფილიყო არა თეატრით, არამედ დანსინგებითა და ლუდხანებით“.
     1952 წლის 19 მარტს ბათუმში გაიხსნა თეატრის ახალი შენობა, რომელიც  არქიტექტორ ი. ტეპლიცკის პროექტით აშენდა.
     1959 წელს ბათუმის თეატრს მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სახელი.
ორმოცდაათიან წლებში ბათუმის თეატრს დროთა განმავლობაში ახალგაზრდა მსახიობები შეემატნენ: მიხეილ ნაპირელი, ლუბა კობეშავიძე, თამარ სულხანიშვილი, ნათელა წერეთელი, იური ცანავა, მანუჩარ შერვაშიძე, ნინო საკანდელიძე და სხვები. 1957 წელს თბილისში გამართულ აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე თეატრმა მაყურებელს უჩვენა რეპერტუარის საუკეთესო სპექტაკლები: ვ. კანდელაკის ,,მაია წყნეთელი“ (რეჟისორი-გ.ლაღიძე), სოფოკლეს „მეფე ოიდიპოსი“( რეჟისორები- ა.ჩხარტიშვილი, შ.ინასარიძე), პ.ლორიას „დინარა“ (რეჟისორი-გ.მრავლაძე), შექსპირის „ჰამლეტი“ (რეჟისორები-ა.ჩხარტიშვილი, შ.ინასარიძე), ა.შტეინის „პერსონალური საქმე“ (რეჟისორი- შ. ინასარიძე). თეატრმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები ქართულ თეატრში. ასპარეზზე გამოდის ნიჭიერი ახალგაზრდობა. თბილისის თეატრების მსგავსად დგება ბათუმის თეატრის განახლების პერიოდი. 60-70-იან წლებში ბათუმის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი ივსება ახალგაზრდა რეჟისორებითა და მსახიობებით, რომლებმაც შემდგომში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბათუმის თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. ესენი იყვნენ: რეჟისორები: გიზო ჟორდანია, გოგი ქავთარაძე, ენვერ ჩაიძე, თემო აბაშიძე, გურამ აბესაძე, დათო ხინიკაძე; მსახიობები: ლევან ღლონტი, ამირან ტაკიძე, ნიაზ მესხიძე, ნუნუ ხინიკაძე, ბერდია ინწკირველი, 70-იანი წლებიდან: სერგო ბაზიაშვილი, სერგო კუნჭულია, ცირა აბზიანიძე, ლუიზა ჯიბლაძე და სხვები. ბათუმის თეატრის 60-70-იანი წლების რეპერტუარი გამოირჩევა მრავალფეროვნებით: იდგმება მსოფლიო და ქართული კლასიკური ნაწარმოებები: კ.გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“ (რეჟისორი - ი.კობალაძე), ა. ოსტროვსკის „უმზითვო“ (რეჟისორი - შ. ინასარიძე), გილიერმოს "მელია და ყურძენი" (რეჟისორი - შ. ინასარიძე), მოლიერის „ძალად ექიმი“ (რეჟისორი - ე. ჩაიძე), შექსპირის „მეთორმეტე ღამე“ (რეჟისორი - გ. ქავთარაძე), ნ. გოგოლის „რევიზორი“ (რეჟისორი - გ. ქავთარაძე), ჰაშეკის „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“ (რეჟისორი - ე. ჩაიძე), მ. გორკის „ეგორ ბულიჩოვი“ (რეჟისორი - გ. აბესაძე), დიურენმატის „ფიზიკოსები“ (რეჟისორი - დ. ხინიკაძე), ვაჟა-ფშაველას „მინდია“ (რეჟისორი - გ. ჟორდანია), ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ და „სტუმარ-მასპინძელი“ (რეჟისორი - გ. ქავთარაძე). ე.იურანდოტის "მეცხრე წმინდანი" (რეჟისორი - გ. აბესაძე).
     70-80-იან წლებში თეატში მოდის ახალი თაობა, მსახიობები:ა.ქარჩავა, კ. კობალაძე, ბ. მიქაუტაძე, ლ. აბულაძე, ნ. გოგიტაური და სხვები; რეჟისორები:ზ. სიხარულიძე, მ. ლებანიზე.
     80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ- პოლიტიკური ცვლილებები აისახა მთლიანად ქართულ და მათ შორის ბათუმის თეატრზე. არასტაბილურმა ვითარებამ ზეგავლენა იქონია თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკაზე, მის ესთეტიკაზე. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება ლევან მირცხულავა, რომელიც ცდილობს არსებული ვითარების შეცვლას. მის მიერ დადგმულმა ჟან ანუის ,,ტოროლამ“ და გრიგოლ რობაქიძის ,,ლამარამ“ არსებულ ვითარებაზე გავლენა ვერ მოახდინა.
     2005 წლიდან თეატრის შემოქმედებითი საქმიანობა რადიკალურად შეიცვალა რობერტ სტურუას სამხატვრო კონსულტანტად, ხოლო გიორგი თავაძის (რობერტ სტურუას მოსწავლე) სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. რობერტ სტურუას მიერ დადგმული დ. კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი“ თეატრის განახლების საფუძვლად იქცა, ხოლო გ. თავაძის სპექტაკლებმა - ლ. ბუღაძის ,,ნუგზარი და მეფისტოფელი“, ი. სამსონაძის „საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში“, კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“, ი. სამსონაძის „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“ და მის მიერ განხორციელებულმა სხვა სპექტაკლებმა თეატრს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. თეატრი გახდა ევროპის თეატრების არაფორმალური ორგანიზაციის წევრი. 2006 წლიდან თეატრმა მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, რომელთა შორის აღსანიშნავია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ (2006 წელი),  კულტურის საერთაშორისო ბაზრობა „კავკასია  2007“ (2007 წელი), ლვოვის საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს ლომი“ (2008 წელი), ტრაპიზონის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი (2009 წელი), ეჟენ იონესკოს სახელობის კიშინიოვის საერთაშორისო ბიენალიე (2010 წელი), თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (2010 წელი).  2013 წელს რამოდენიმე თვით სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება თემურ კეჟერაძე, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელობის დროსაც განხორციელდა სპექტაკლები მარივოს „სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი“ რეჟ. პაატა ციკოლია და  მარიოტა ჯუზეპე, ბელზარიო რანდონეს „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“ რეჟ. კოტე აბაშიძე.

     2014 წლის იანვრიდან დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად საშუალო თაობის გამორჩეული რეჟისორი ანდრო ენუქიძე დაინიშნა.

ბ–ნ ანდრომ სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში თავის პირველ პრემიერად უ.შექსპირის „მაკბეტი“ უაღრესად საინტერესო ვერსია შესთავაზა მაყურებელს. უნდა ითქვას, რომ აშკარად შეინიშნება თეატრის ახალი სარეპერტუარო პოლიტიკა – „ერთგვარი ლტოლვა“ კლასიკისაკენ; შექსპირის უკვდავი პიესის გარდა რეჟისორმა ლაშა შეროზიამ დადგა ნ.გოგოლის „ქორწინება“. აქვე აღსანიშნავია თვალსაჩინო რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა ბათუმის სცენაზე განახორციელა ე.ზოლას „ტერეზა რაკენი“.

     დიდ იმედს გვისახავს ისიც , რომ თეატრს უნდა შეემატოს ახალი სცენა ე.წ. ექსპერიმენტული სამყარო, სადაც თავის შესაძლებლობას გამოამჟღავნებენ სხვადასხვა თაობის რეჟისორები და მსახიობები. ამავდროულად იწყება ბათუმის ილია ჭავჭავაძს სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის რემონტი, რაც თეატრის მესვეურებს საშუალებას მისცემს უფრო თანადროულად, საინტერესოდ მრავალმხრივად წარსდგენ მაყურებლის წინაშე.