ბათუმის დრამატული თეატრი

თენგიზ შამილაძე

პოზიცია: მუსიკალური ნაწილის გამგე

თენგიზ შამილაძე დაიბადა 1948 წლის 30 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. 

1966 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის  საფორტეპიანო განყოფილება.

1972 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი. 

1966 წლიდან მუშაობდა ბათუმის #1 სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოსა და მუსიკის ისტორიის პედაგოგად. 

1974 წლიდან დღემდე არის ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგე. ბათუმის სახელმწიფო თეატრში გაფორმებული აქვს 120-მდე სპექტაკლი (მუსიკალური გაფორმება კამპილაცია), 10 სპექტაკლისათვის დაწერილი აქვს ორიგინალური მუსიკა. 

მუსიკალურად გაფორმებული აქვს სპექტაკლები: ხულოს, ოზურგეთის, ფოთის და მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში. 

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის 20 სპექტაკლისათვის დაწერილი აქვს ორიგინალური მუსიკა. 

1981 წლის 6 აგვისტოს, ნაყოფიერი და ხანგრძლივი მუშაობისათვის მიენიჭა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 

1987 წლიდან, აჭარის ტელევიზიის დაარსებიდან 2007 წლამდე მუშაობდა აჭარის ტელევიზიის მუსიკალურ რედაქტორად. 1990 წლიდან მუსიკალურ-სანახაობითი პროგრამების მთავარ რედაქტორად, შემდგომში მთავარ პროდიუსერად.  ამ პერიოდის განმავლობაში იღებდა და აფიქსირებდა ყველა კულტურულ ღონისძიებას ბათუმში და მთელ აჭარაში. გადაღებული აქვს ფოლკლორული, კლასიკური, საესტრადო და დრამატული სპექტაკლები. იყო  ხსენებული გადაღებების ტელერეჟისორი. 

ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში თავის კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა ქალთა ვოკალური ტრიო, გოგონათა ვოკალური კვარტეტი, ვაჟთა ვოკალური კვარტეტი, რომლებსაც ხელმძღვანელობდა მისი კოლეგა - მანანა ჩაუშბა. ამ ჯგუფების მიერ შესრულებული სიმღერები გადაიცემოდა აჭარის ტელევიზიის ეთერში. ასევე ეს შემოქმედებითი კოლექტივები მართავდნენ სოლო კონცერტებს აჭარის ტელევიზიის სახელით. 

1995 წელს თავის კოლეგებთან, მანანა ჩაუშბასთან და გიორგი ჩიჩუასთან ერთად ჩამოაყალიბა ტელევიზიასთან არსებული ბავშვთა ვოკალური სტუდია ,,ჩანგი”, რომლის ბაზაზე შეიქმნა ბავშვთა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, შემდგომ კი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი არის დღეს. 

სტუდია ,,ჩანგში” ნიჭიერი პატარა მომღერლები ასრულებდნენ სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს, საესტრადო, პოპულარული მუსიკისა და კლასიკური მუსიკის ნიმუშებს. 

სტუდია ,,ჩანგი”-ს ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ რომელიც ჩატარდა 2000 წელს ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე და რომლის რეპერტუარს შეადგენდა კლასიკური მუსიკა, გადაწყდა შექმნილიყო ბავშვთა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, რომლის ხელმძღვანელადაც ბატონი თენგიზი დაინიშნა 2000 წლის დეკემბერში. ამავე პერიოდში მისი პროექტით შეიქმნა საოპერო სპექტაკლი ,,პრინცესა ტურანდოტი”, რომლის შექმნაში დიდი როლი ითამაშა ვოკალის პედაგოგმა და მთავარმა ქორმაისტერმა მანანა ჩაუშბამ. სპექტაკლი კი დადგა ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, საქართველოს სახალხო არტისტმა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატმა გიზო ჟორდანიამ. 

,,პრინცესა ტურანდოტი”-ს წარმატებით განხორციელებისათვის 2003 წლის 9 ნოემბერს მიენიჭა მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია. 

2004 წელს ჩამოყალიბდა ბათუმის სახემწიფო მუსიკალური ცენტრი და მასთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა მუსიკალური თეატრი, ხოლო 2008 წლიდან შეეცვალა სახელწოდება და ამჟამად ეწოდება ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია დღემდე.