ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია

პოზიცია: სამხატვრო ხელმძღვანელი

1981 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს ინსტიტუტის დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი პროფესორ ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობით. იმავე წლიდან დაიწყო მუშაობა ამავე ინსტიტუტში პროფესორ ლილი იოსელიანის ასისტენტად. მუშაობდა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარ რეჟისორად. თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 2000 წელს მიენიჭა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტის, 2004 წელს კი ამავე ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრის პროფესორი წოდება.

 

იყოთეატრის მოღვაწეთა კავშირთან არსებული შემოქმედებითი ცენტრი „დურუჯის“ ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიები, მარჯანიშვილის პრემია, ს. ახმეტელის პრემია, არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დადგმული აქვს 50-ზე მეტი დრამატული სპექტაკლი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: თურქეთში (სტამბოლის დრამატულ თეატრში), ლიეტუვაში (ვილნიუსის სახელმწიფო დრამატულ თეატრში), ბელარუსში (მინსკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში). ასევე დადგმული აქვს ორი სატელევიზიო სპექტაკლი და გადაღებული აქვს ორი დოკუმენტური ფილმი. მისმა სპექტაკლებმა მონაწილეობა მიიღეს ვაიმარის გოეთეს, მინსკისა და კაიროს საერთაშორისო ფესტივალებში და გახდნენ ამ ფესტივალების ლაურეატები.საუკეთესო დადგმები: გ.დოჩანაშვილის „თავფარავნელი ჭაბუკი“, რ. ინანიშვილის „ჩემი წყალ–ჭალის ხმები“,  ლ.თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“, ფ.შილერის „ყაჩაღები“, უ.შექსპირის „რიჩარდ მესამე“ , უ.შექსპირის „კორიოლანუსი“ , პ.კაკაბაძე „დემეტრე მეორე“, ო.ჭილაძის „ლაბირინთი“ და სხვა.

 

2009 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული აკადემიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.