კოპროდუქცია

  19 ივნ. 2019 წ.

18 ივნისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი, 10 მსახიობის შემადგენლობით გაემგზავრა პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში, სადაც პოლონელ 12 მსახიობთან ერთად დაიწყება ერთობლივ სპექტაკლზე მუშაობა, სახელწოდებით ,,საქართველო–პოლონეთი“. სპექტაკლი აგებულია პოლონეთისა და საქართველოს ისტორიების სხვაობასა და თანხვედრაზე, პოლონელებისა და ქართველების მენტალურ სიმპატიებზე. ერთობლივი სპექტაკლის პროექტზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე და ლეგნიცის თეატრის ხელმძღვანელი, პოლონეთის თეატრალური კავშირის ვიცე პრეზიდენტი იაცეკ გლომბი, რეჟისორი რომელმაც შექმნა ახალი თეატრალური მიმართულება, ე.წ. ,,ადამიანური თეატრი“. იაცეკ გლომბს ბათუმის დრამატულ თეატრში დადგმული აქვს 2 სპექტაკლი – ,,სასტუმრო ჰაიფა“ და ,,რამდენი დემონიც გნებავთ“. რეპეტიციები პოლონეთში გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც  17 სექტემბრიდან ბათუმში განახლდება რეპეტიციები პოლონელ მსახიობებთან ერთად. პრემიერა შედგება ბათუმის თეატრში 2 და 3 ოქტომბერს, 4 ოქტომბერს სპექტაკლი გაიმართება ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში, 6 ოქტომბერს თბილისში რუსთაველის თეატრში. ასევე დაგეგმილია ერთობლივი სპექტაკლით გასტროლები პოლონეთის ხუთ ქალაქში: კატოვიცე, ვროცლავი, ვარშავა, კრაკოვი, ლეგნიცა.