კვლევის შედეგები...

  28 თებ. 2016 წ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის
სტატისტიკური შედეგები

  თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა ქართული თეატრის 2015 წლის საქმიანობის სტატისტიკური კვლევის შედეგები. კვლევაში გამოყენებულია საქართველოში მოქმედი 45 თეატრიდან 40 თეატრის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა ეფუძნება სტატისტიკური კვლევის მეთოდებს. 

   ქართული თეატრის 2015 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის კვლევის შედეგებში აღნიშნულია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი სათეატრო სივრცის ,,ახალი სცენა“  გახსნა. 

   წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბათუმის დრამატული თეატრის 2015 წლის სტატისტიკური მონაცემები, რაც შესაბამისად აისახა კვლევის შედეგებში. წლის განმავლობაში, პრემიერების რაოდენობით, რეგიონებში ბათუმის დრამატული თეატრი მესამე პოზიციაზეა (სულ განხორციელდა რვა ახალი დადგმა); თეატრის დატვირთულობის (მაყურებელთა სწრებადობა) პროცენტული მაჩვენებელით რეგიონებში ბათუმის დრამატული თეატრი პირველ პოზიციაზეა, ხოლო სრულიად საქართველოს მასშტაბით მესამე პოზიციაზე (დარბაზის დატვირთვამ 83. 55% შეადგინა). უცხოეთიდან მოწვეული რეჟისორების რაოდენობით ბათუმის თეატრი საქართველოში მესამე პოზიციაზეა.

  თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა უკვე მეორედ გამოაქვეყნა, რაოდენობრივ მაჩვენებელთან ერთად, ქვეყნის საუკეთესო სპექტაკლების, რეჟისორების, მსახიობების (მათ შორის ახალგაზრდა), სცენოგრაფებისა და ქორეოგრაფების რეიტინგები, რომელიც მხოლოდ მხატვრული ხარისხის მახასიათებლებს ეფუძნება. რეიტინგები შეადგინა თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებმა - თეატრმცოდნეებმა და დამოუკიდებელმა კრიტიკოსებმა. 

  წლის საუკეთესო მუსიკა სპექტაკლში - „ღამის პორტიე“ მუსიკალური გაფორმება თენგიზ შამილაძე (ბათუმის დრამატული თეტრის მუსიკალური ნაწილის გამგე) სპექტაკლის მუსიკისათვის რეიტინგით ოთხ საუკეთესოთა შორის აღიარეს. ასევე რეიტინგით ოთხ საუკეთესო ახალგაზრგა მსახიობი ქალის რეიტინგში აღიარებულია ბათუმის თეატრის მსახიობი მარინე ბურდული (გოგოლის ,,ქორწინება“).

   კვლევა განახორციელა თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობით.