ბათუმის დრამატული თეატრი

გალაქტიონ გოგიბერიძე

  9 ივლ. 2017 წ.

  გალაქტიონ (გოგლა) გოგიბერიძე ცნობილი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის გაიოზ გოგიბერიძის შვილია. იგი თეატრის ატმოსფეროში აღიზარდა და თავისი მომავალიც თეატრის შემოქმედებით ცხოვრებას დაუკავშირა. გოგლა გოგიბერიძემ 1994 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის სცენოგრაფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (გოგი გუნიას ხელმძღვანელობით) და ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში (უშანგი იმერლიშვილისა და მირიან შველიძის ხელმძღვანელობით). თეატრში მისი, როგორც დამდგმელი მხატვრის პირველი საავტორო ნამუშევრებია ,,ბალეტის საღამო“ და ,,ქორეოგრაფიული ნოველები“ კოკა იგნატოვთან ერთად.

  გოგლა გოგიბერიძემ ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ბათუმის მუსიკალურ ცენტრში განახორციელა არაერთი საინტერესო დადგმა, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მინკუსის ბალეტის ,,დონ კიხოტისა“ და ვიქტორ დოლიძის კომიკური ოპერის ,,ქეთო და კოტეს“ სცენოგრაფია.
  2006 წლიდან გოგლა გოგიბერიძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარია. მისი მთავარ მხატვრად მოღვაწეობის პერიოდში ბათუმის დრამატულ თეატრში დადგმულ სპექტაკლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ,,სასცენო სივრცეს“, როგორც სპექტაკლის სტრუქტურულ საფუძველს, მის მიერ მხატვრულად გაფორმებული სპექტაკლები სცენოგრაფიულად ერთიან მხატვრულ ტილოს წარმოადგენს. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გოგლა გოგიბერიძემ მხატვრულად გააფორმა არაერთი სპექტაკლი, რომელთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კამიუს ,,კალიგულა“, ი. სამსონაძის ,,საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში“, ლ. ბუღაძის ,,ნუგზარი და მეფისტოფელი“, შექსპირის ,,მაკბეტი“ და სხვა.
   ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თეატრის ერთგული მაყურებლის სახელით ულოცავს ქართული თეატრის შესანიშნავ მხატვარს გალაქტიონ (გოგლა) გოგიბერიძეს დაბადებიდან 50 წლის საიუბილეო თარიღს.
ბატონო გოგლა გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელებას და მომავალ შემოქმედებით წარმატებებს!