91 წლის ასაკში გარდაიცვალა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ნინო საკანდელიძე . . .

  08 აგვ 2021

გარდაიცვალა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მემედ აბაშიძის, იუსუფ კობალაძისა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატი, ბათუმის საპატიო მოქალაქე ქალბატონი ნინო საკანდელიძე.

ქალბატონი ნინო საკანდელიძე 1955 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გარდაცვალებამდე სამსახიობო მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

ქალბატონმა ნინომ ბათუმის დრამატულ თეატრში შექმნა არაერთი საეტაპო სცენური სახე, რომელთა შორის აღსანიშნავია: ოფელია (ჰამლეტი), დეზდემონა (ოტელო), მარია (მეთორმეტე ღამე), მირანდოლინა (სასტუმროს დიასახლისი), ხათუნა (ჯარისკაცის ქვრივი), ლელა (ზვავი), ლელა (ალუდა ქეთელაური), ვარვარა (ეგორ ბულიჩოვი და სხვები), ემილი (ესპანელები), ინფანტა (სიდი), ფოფოდია (გუშინდელნი), მარიკა ჩოდრიშვილი (ხიდი), მარიამი (შენსკენ სავალი გზები), ნინელი (ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი) და მრავალი სხვა.

ქალბატონი ნინო გადაღებულია ფილმებში: ,,ზღვის შვილები“, ,,მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ“, ,,თეთრი ქვები“. იგი არერთი ლექსების კრებულის ავტორია.

ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ქალბატონ ნინო საკანდელიძეს მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული არტისტის (1961), საქართველოს დამსახურებული არტისტის (1976), საქართველოს სახალხო არტისტის (1987) საპატიო წოდებები. იგი მემედ აბაშიძის, იუსუფ კობალაძის და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატია, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის არაერთგზის დაჯილდოებულია თეატრალური პრემიით. იგი ბათუმის საპატიო მოქალაქეა, ბათუმის დრამატული თეატრის შესასვლელთან გახსნილია ნინო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი.

ქალბატონი ნინო საკანდელიძე, გარდა შემოქმედებითი მოღვაწეობისა, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა, იგი 1967, 1969, 1987 წლების მოწვევის ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იყო. დიდია ქალბატონი ნინოს ღვაწლი ახალგაზრდა შემოქმედებითი კადრების მომზადების საქმეში, წლების განმავლობაში ქალბატონი ნინო ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის მეტყველების კათედრის პროფესორად მოღვაწეობდა, მინიჭებული აქვს ,,დიდასკალოსის“ წოდება.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ლეგენდარული ქართველი მსახიობის, პოეტის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ქალბატონი ნინო საკანდელიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებს, მაყურებელს, ქართული თეატრის გულშემატკივრებს.