ანტიკური პერიოდი
სათეატრო ცხოვრება აჭარაში დაკავშირებულია ანტიკურ ეპოქასთან. ბათუმის მახლობლად, რამდენიმე კილომეტრით დაშორებული რომაული ახალშენი — აფსაროსი (ახლანდელი გონიო), ბერძენი მოგზაურისა და ისტორიკოსის, პროკოფი კესარიელის თქმით, „შემკული იყო თეატრითა და ჰიპოდრომით“.
1879 — პირველი სპექტაკლი
ბათუმში პირველი ქართული წარმოდგენა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების შემდეგ, 1879 წლის 8 (20) ივლისს ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა გამართეს. ამით საფუძველი ჩაეყარა ქართულ თეატრს აჭარაში. წარმოდგენის ინიციატორი იყო ბათუმის პოლიცმაისტერის მეუღლე ქეთევან ჟურული. სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს ზურაბ ანტონოვის კომედია „განა ბიძიამ ცოლი შეირთო?“.
1884 — პირველი შენობა
თეატრის პატარა შენობა 1884 წელს ააგეს; იგი იტევდა 450-მდე მაყურებელს. შემდეგში თეატრი განთავსდა ე.წ. „რკინის თეატრში“. მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დამდეგს სცენისმოყვარეთა მუდმივ დასს ხელმძღვანელობდა ბათუმში სამხედრო სამსახურში მყოფი დავით კლდიაშვილი. სცენისმოყვარეები წარმოდგენებს მართავდნენ საქველმოქმედო მიზნით — „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ქართული წიგნთსაცავისა და ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ.
1912 — პროფესიული თეატრი
1912 წლის 28 აგვისტოს შედგა მსახიობთა კრება და დაფუძნდა მსახიობთა ამხანაგობა. რეჟისორად არჩეულ იქნა შალვა დადიანი. „მოგზაურთა დასმა“ პირველი წარმოდგენა ბათუმში გამართა 15 სექტემბერს, „შმაევსკის თეატრში“. ასე ჩაეყარა საძირკველი მესამე პროფესიულ თეატრს საქართველოში, რასაც იმ დროს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული თეატრალური კულტურის განვითარებისათვის. 1913 წელს ბათუმში დაარსდა დრამატული საზოგადოება, რომელსაც თავმჯდომარეობდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე ივანე მესხი. დრამატული საზოგადოების გამგეობამ შეადგინა პროფესიონალთა დასი, რომელსაც რეჟისორობდა შალვა დადიანი. ბათუმის დრამატული დასის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მსახიობები.
1921 — აკადემიური სტატუსი
1921 წელს ბათუმის თეატრს „აკადემიურის“ წოდება მიენიჭა. 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა მეორე სახელმწიფო თეატრი, რომელსაც „ქუთაის-ბათუმის თეატრი“ ეწოდებოდა. თეატრის თბილისში გადასვლამდე, 1928–1930 წლებში, თეატრი წარმოდგენებს მართავდა როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში. 1931–1932 წლების თეატრალურ სეზონში ბათუმის თეატრის დასში ჩაირიცხა ახალგაზრდა იუსუფ კობალაძე. დასს ხელმძღვანელობდა კოტე მარჯანიშვილი.
1932 — „აჭარის სექცია"
1932 წელს ბათუმში რუსთაველის თეატრის მორიგი გასტროლის დროს აჭარის ხელისუფლება შეუთანხმდა თეატრის ხელმძღვანელს სანდრო ახმეტელს, რომ რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში შექმნილიყო „აჭარის სექცია“, რომელიც ითვალისწინებდა ბათუმის თეატრის მსახიობთა ჯგუფის მომზადებას. რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა მიღება სტუდიაში. სტუდიისათვის შერჩეულ იქნა 20-ზე მეტი ახალგაზრდა. ჯგუფის პედაგოგები იყვნენ: სანდრო ახმეტელი, აკაკი ვასაძე, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე, შოთა აღსაბაძე, კოტე პატარიძე, დიმიტრი ალექსიძე და სხვები.
1937 — ახალი თეატრი
1937 წლის 18 მარტს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ახალი თეატრი, რომლის დასი შედგებოდა რუსთაველის თეატრის დრამატულ სტუდიაში გამოზრდილი ახალგაზრდებისაგან. მათ წარმოადგინეს გიორგი მდივნის დრამა „ბრმა“, რომელშიც მთელი დასი მონაწილეობდა. დასში შედიოდნენ: ლილი აფხაზავა, ალექსანდრა გორნელი (დარჩია), ნუნუ თეთრაძე, ნინო ფხაკაძე, გიორგი ახვლედიანი, ხასან ბაბუჩოღლი, ბუხუტი ზაქარიაძე, სულიკო თურმანიძე, ისკანდერ კაიკაციშვილი, იუსუფ კობალაძე, აკაკი მგელაძე, ხასან მეგრელიძე, ზორბეგ ღლონტი, ედნარ შამილაძე, მიხეილ წიგნაძე, მურად ხინიკაძე და სხვები.
1946 — „მეფე ოიდიპოსი"
1946 წლის 27 ივლისს ბათუმის თეატრმა მაყურებელს უჩვენა სოფოკლეს „მეფე ოიდიპოსი“ (რეჟისორები — არჩილ ჩხარტიშვილი, შალვა ინასარიძე). სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. პრესა ფართოდ გამოეხმაურა თეატრის ამ შემოქმედებით გამარჯვებას. ცნობილი დრამატურგი ლეონიდ მალიუგინი წერდა: „რამდენიმე თვის წინათ ბათუმში, ქართულ თეატრში ვნახე „ოიდიპოს მეფის“ ბრწყინვალე დადგმა...“
1952 — დღევანდელი შენობა
1952 წლის 19 მარტს ბათუმში გაიხსნა თეატრის ახალი შენობა, რომელიც არქიტექტორ იური ტეპლიცკის პროექტით AshebnDa. ეს შენობა დღემდე ფუნქციონირებს თეატრის მთავარ სივრცედ შ. რუსთაველის ქ. №1-ზე.
1959 — ჭავჭავაძის სახელი
ილია ჭავჭავაძის სახელი 1959 წელს ბათუმის თეატრს მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სახელი.
XX საუკუნის მეორე ნახევარი
XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები ქართულ თეატრში. ასპარეზზე გამოდის ნიჭიერი ახალგაზრდობა. თბილისის თეატრების მსგავსად დგება ბათუმის თეატრის განახლების პერიოდი. 60–70-იან წლებში ბათუმის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი ივსება ახალგაზრდა რეჟისორებითა და მსახიობებით, რომლებმაც შემდგომში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თეატრის განვითარებაში. 70–80-იან წლებში თეატრში მოდის ახალი თაობა. 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები აისახა მთლიანად ქართულ და მათ შორის ბათუმის თეატრზე. არასტაბილურმა ვითარებამ ზეგავლენა იქონია თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკაზე და მის ესთეტიკაზე. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება ლევან მირცხულავა, რომელიც ცდილობს არსებული ვითარების შეცვლას.
2005 — განახლების ეტაპი
2005 წლიდან თეატრის შემოქმედებითი საქმიანობა რადიკალურად შეიცვალა: რობერტ სტურუა დაინიშნა სამხატვრო კონსულტანტად, ხოლო გიორგი თავაძე — სამხატვრო ხელმძღვანელად. ამ პერიოდიდან თეატრი აქტიურად ერთვება საერთაშორისო პროცესებში და იძენს ფართო აღიარებას. 2014 წლის იანვრიდან სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა ანდრო ენუქიძე. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში შეინიშნებოდა თეატრის ლტოლვა როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე დრამატურგიისკენ. ამავე პერიოდში განხორციელდა რამდენიმე საერთაშორისო კოპროდუქცია და თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია. 2021 წელს თეატრის ხელმძღვანელად დაინიშნა ალექსანდრე ქანთარია, რომლის პერიოდში რეპერტუარი გახდა უფრო სტაბილური.
დღეს
ამჟამად თეატრს ხელმძღვანელობს მსახიობი და რეჟისორი კოტე მჟავია. 147-ე სეზონი გრძელდება — 147 წელია, ბათუმის სახელმწიფო თეატრი ემსახურება ქართულ კულტურასა და ხელოვნებას. თეატრი ფუნქციონირებს სამ სასცენო სივრცეში: დიდი სცენა და ექსპერიმენტული სცენა — შ. რუსთაველის ქ. №1-ზე, მცირე სცენა — ა. მელაშვილის ქ. №32-ზე.






