რეპერტუარი

  • პეპი მაღალიწინდა


  • ავტორი: ასტრიდ ლინდგრენის მიხედვით
  • რეჟისორი: მანანა კვირკველია
  • ქრონომეტრაჟი: 90 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 01 დეკ 2018

ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობის მიხედვით
სპექტაკლი ორ მოქმედებად

ასტრიდ ლინტგრენის უკვდავი პერსონაჟი – პეპი, ამ საახალწლოდ ბათუმის „ახალ სცენაზე“ დაიდებს ბინას.

წიგნის ორიგინალური ინსცენირება ეკუთვნის სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს – მანანა კვირკველიას.

ბათუმელ ბავშვებს ისღა დარჩენიათ, მუხუდო თითო მარცვალი მოიმარაგონ და პეპისთან ერთად წარმოსთქვან მისი მაგიური შელოცვა: „წადით, მომწყდით თავიდან, დაბერება არ მინდა!“

პეპისთან მართლაც არავის უწერია დაბერება, პეპისთან ერთად ხომ შობა–ახალი წელიც უფრო მხიარულდება, ხოლო უფროსებს – მშობლებსა თუ პაპა–ბებიებს ბავშვური ანცი სხივი აუკიაფდებათ ხოლმე თვალებში . . .

სპექტაკლში გამოყენებულია ირაკლი ლომოურის რითმოცანები.

  • ზაფხულის დღე


  • ავტორი: სლავომირ მროჟეკი
  • რეჟისორი: გაბრიელ გოშაძე
  • ქრონომეტრაჟი: 65 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 27 ოქტ 2018

სევდიანი დრამა სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით თარგმნა ზურაბ გოშაძემ

გაგა გოშაძემ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესა - "ზაფხულის დღე" აირჩია ბათუმის "ახალ სცენაზე" დასადგმელად.

პიესის ფაბულა: უიღბლო მამაკაცი თავის ჩამოხრჩობას გადაწყვეტს ერთ განმარტოვებულ ადგილას. გამოჩნდება იღბლიანი მამაკაცი, ვისაც ასევე ჩაუფიქრებია თვითმკვლელობა; მის ცხოვრებას აზრი დაუკარგა მუდმივმა, "უპირობო" წარმატებამ. პიესის მესამე პერსონაჟის - ახალგაზრდა ქალის გამოჩენა უიღბლოსა და იღბლიანის მრავლამხრივ საინტერესო დისკუსიას ტრადიციული სამკუთხედის სიუჟეტურ სიმძაფრეს სძენს.

ვის აირჩევს ქალი სუიციდის ზღვარზე მისული უიღბლოსა და იღბლიანისაგან? - "ზაფხულის დღე" იგავური ფორმით გვაწვდის პასუხს ამ მარადიულ კითხვაზე.

  • სასტუმრო ჰაიფა


  • ავტორი: კატაჟინა კნიხალსკა
  • რეჟისორი: იაცეკ გლომბი (პოლონეთი)
  • ქრონომეტრაჟი:  წთ.
  • პრემიერის თარიღი: 03 სექ 2018

კატაჟინა კნიხალსკას ტრაგიკომედია ერთ მოქმედებად მარეკ ჰლასკოს მოთხრობებისა და რომანის მიხედვით
თარგმნა მირანდა გურგენიძემ

,,სასტუმრო ჰაიფა” პოლონელი ავტორის, კატაჟინა კნიხალსკას პიესას წარმოადგენს, რომელიც ინსპირირებულია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერლის, მარეკ ჰლასკის ნაწარმოებებით. მოქმედება მიმდინარეობს 60-იანი წლების ისრაელში, ქვეყანაში, რომელიც დიდად განსხვავდება დღევანდელი სტერეოტიპული წარმოდგენისგან ,,წმინდა მიწის” შესახებ. ისრაელის საპორტო ქალაქში, ჰაიფაში მდებარე ძველ და შეუხედავ სასტუმროში, რომელსაც ექსცენტრიკული ესთერი მართავს, მეორე მსოფლიო ომგამოვლილი ემიგრანტები ცხოვრობენ. თითოეული მათგანი აქ უკეთესი ცხოვრების ძიებამ მოიყვანა. წარმოსახული სამოთხის მაგივრად კი რეალობის სისატიკე, თაღლითობა, ძალადობა, პროსტიტუცია და ღალატი დახვდათ. ამ ჩახუთულ ადგილას, დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ ბრუნდება საიდუმლოებით მოცული მფრინავი-დონ ბენ დოვი. რამ ჩამოიყვანა ის ჰაიფაში? ნუთუ სურს ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს? იქნებ მისი გამოჩენა ხუთი წლის წინ მომხდარ ტრაგედიასთანაა დაკავშირებული?

,,სასტუმრო ჰაიფა” სიბნელით მოცული ისტორიაა ადამიანებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ წარსულის დემონების დამარცხებას. საპორტო სასტუმროს თითოეულ მაცხოვრებელს ერთმანეთთან ომის ტრავმა აერთიანებს, რომელიც მათ საქციელსა და არჩევანს განსაზღვრავს. თუმცა, როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, მწარე მომენტებს, ტკბილიც ახლავს თან. არც ,,სასტუმრო ჰაიფაა” გამონაკლისი და სხარტ იუმორს მოკლებული. რეფლექსია, ღიმილი და ემოციურობა - ეს სამი სიტყვა საუკეთესოდ აღწერს ჩვენს სპექტაკლს.

სპექტაკლის შექმნაში იმ პოლონელ ხელოვანთა გუნდი მონაწილეობს, რომელთა ძალისხმევითაც 2016 წელს ბათუმის თეატრში დაიდგა წარმოდგენა ,,რამდენი დემონიც გნებავთ” იეჟი პილხის მიხედვით. დრამატურგიის ავტორია კატაჟინა კნიხალსკა, სარეჟისორო ნაწილს იაცეკ გლომბი უძღვება, სცენოგრაფია მალგოჟატა ბულანდას ეკუთვნის, მუსიკა ბარტოშ სტრაბუჟინსკს, ხოლო სასცენო მოძრაობა ვიტოლდ იურევიჩს. თითოეული მათგანი პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში არსებულ თეატრთანაა დაკავშირებული (იაცეკ გლომბი თეატრის დირექტორია). 2016 წლიდან ქ. ბათუმსა და ქ. ლეგნიცას პარტნიორი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ.

  • კილი და დუ


  • ავტორი: ჯეინ მარტინი
  • რეჟისორი: ქეთი დოლიძე
  • ქრონომეტრაჟი: 100 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 18 ივლ 2018

დრამა ერთ მოქმედებად
თარგმნა ქეთი დოლიძემ

ჯეინ მარტინის პიესა –„კილი და დუ“, რომელიც ქეთი დოლიძემ აირჩია ბათუმის „ახალ სცენაზე “ დასადგმელად, მრავალ მტკივნეულ, დასაფიქრებელ კითხვას სვამს მკითხველისა თუ მაყურებლის წინაშე: მიტევებათუარპატიება? სიცოცხლის დაბადება თუ მოძალადისგან ჩასახული ნაყოფის მოშორება? რელიგიური ფანატიზმი თუ ადამიანური შემწყნარებლობა? . . .

კილის არ სურს შვილის გაჩენა მოძალადისგან, დუკი სწორედ ამას აძალებს კილის, ბორკილითაც აბამს საწოლზე, ატუსაღებს, რათა კილიმ ნაყოფი შეინარჩუნოს, ცოდვას განერიდოს, სიცოცხლე შვას . . .

რითი დასრულდება ეს დრამატული ისტორია, რა განასხვავებს, ამავე დროს, რა აკავშირებს სხვადასხვა ასაკის ორ ქალს – კილის და დუს ? . . .

  • განმშორებელი


  • ავტორი: იონ საპდარუ
  • რეჟისორი: იონ საპდარუ
  • ქრონომეტრაჟი: 130 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 02 ივნ 2018

ქალაქური კომედია ერთ მოქმედებად
თარგმნა ირაკლი სამსონაძემ

მსოფლიოს მასშტაბით ფუნქციონირებს სხვადასხვა ბიუროები თუ სააგენტოები, ადამიანებს რომ აკავშირებთ ერთმანეთთან, მათი წყალობით იქმნება ახალი ოჯახები. წარმოვიდგინოთ შეტრიალებული სიტუაცია. - ფირმა რომელიც წყვილების გაყრით, მათი განშორებითაა დაკავებული.

ეს "ნოვატორული" იდეა გაუჩნდა "განმშორებელი"-ს მთავარ გმირს. აქედან გამომდინარე მოხვდა იგი სხვადასხვა დრამატულ თუ კომიკურ სიტუაციებში . . .

ბათუმის დრამატული თეატრის "ახალი სცენა" მეორედ წარმოგიდგენთ რუმინელი რეჟისორისა და დრამატურგის იონ საპდარუს პიესას - სიტუაციური კომედია, დაძაბული და საინტერესო ისტორიებით გმირთა მრავალფეროვნება მომხიბვლელ თეატრალურ მოგზაურობას პირდება ბათუმელ მაყურებელს.

  • კონკია


  • ავტორი: ადამ პეკი
  • რეჟისორი: ქრესიდა ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი)
  • ქრონომეტრაჟი: 60 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 12 დეკ 2017

კომედია ერთ მოქმედებად

ეს არის ,,კონკიას’’ თანამედროვე ვერსია, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა ქრესიდა ბრაუნმა დადგა ბათუმის დრამატული თეატრის „ახალ სცენაზე“. პიესის აღნიშნული ვერსია, ასევე ბრიტანელ ხელოვანებს სელი ქოქსონს და ადამ ფექს ეკუთვნით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ზღაპრის ვერსია თანამედროვე ოჯახზე, სიყვარულზე, ახლებურად დანახულ მარადიულ ღირებულებებზე.

სპექტაკლში მაყურებელი თავად ხდება მონაწილე კონკიას თავს დატეხილი მწუხარების, სიძულვილის, ეჭვიანობის, გარიყულობის, შურისძიების, გადარჩენისთვის ბრძოლის, სიყვარულის და რა თქმა უნდა ჯადოსნური თავგადასავლის! ბრიტანელი რეჟისორი რესიდა ბრაუნი „კონკია“–ს თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს ბათუმელ თეატრის მოყვარულებს.