9 ივლისს მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი და ბათუმის მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი ოთარ (ოთია) ქათამაძე 43 წლის გახდებოდა.

მისი ხსოვნის პატივსაცემად, 9–11 ივლისს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართება „ოთიას დღეები“, რომლის ფარგლებში მაყურებელი ოთარ ქათამაძის შემოქმედებასთან დაკავშირებულ სამ მნიშვნელოვან თეატრალურ მოვლენას იხილავს.

9 ივლისს ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს აქვსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ხანუმა“, რომლის რეჟისორია ოთარ ქათამაძე.

10 ივლისს სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს წარუდგენს სპექტაკლს „ანე ფრანკის დღიური“, რომელიც ასევე ოთარ ქათამაძის სარეჟისორო ნამუშევარია.

„ოთიას დღეები“ 11 ივლისს ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე დასრულდება პრემიერით. მაყურებელი პირველად იხილავს სპექტაკლს „დაარქვი, რაც გინდა“, რომელიც ოთარ ქათამაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიდგა. სპექტაკლის რეჟისორია გაგა გოშაძე.

„ოთიას დღეები“ ერთ სივრცეში გააერთიანებს ოთარ ქათამაძის კოლეგებს, მეგობრებს, თეატრის მოყვარულებსა და მაყურებელს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ შემოქმედებით მემკვიდრეობას, რომელიც მან ქართულ თეატრს დაუტოვა.

ოთია აერთიანებს - ლაშა ჩხარტიშვილი