აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მონაწილეობას მიიღებს ყაზახეთის ქალაქ თალდიყურღანში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „BikenFest 2026“-ში და მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ წარდგება.

შემოქმედებითი დასი სპექტაკლს ფესტივალის ფარგლებში 26 მაისს წარმოადგენს.

აღნიშნულ ფესტივალში ბათუმის დრამატული თეატრის მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული თეატრის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე, კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ კოლექტივებთან პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას.

„BikenFest“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალია, რომელიც ყაზახეთში იმართება და აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებსა და შემოქმედებით კოლექტივებს. ფესტივალის მიზანია თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება, შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობა.