სცენური მოწყობილობებისა და მექანიზმების რეაბილიტაცია
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება
ოქტომბერში ბათუმის თეატრი 148-ე თეატრალურ სეზონს გახსნის. ახალი სეზონისთვის დაგეგმილია არაერთი საპრემიერო ჩვენება, ასევე მაყურებლისთვის უკვე ნაცნობი სპექტაკლების დაბრუნება და რეპერტუარში არსებული წარმოდგენების ჩვენება.
სეზონის დაწყებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ თეატრის სცენური სივრცე და ტექნიკური ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გამართული, უსაფრთხო და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი იყოს.
ამ მიზნით მიმდინარეობს ბათუმის თეატრის ძირითადი „დიდი სცენის“, რომელიც თეატრის ისტორიულ შენობაში, რუსთაველის ქუჩა №1-ში მდებარეობს, სცენური მოწყობილობებისა და მექანიზმების რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავს მოძრავი ნაწილის წრის რეაბილიტაციას, სცენის შტანგეტკებისა და სოფიტების შემოწმებას, დაზიანებების გამოვლენასა და საჭიროების შემთხვევაში მათ შეკეთება-რეაბილიტაციას, ასევე სცენის სხვა მექანიზმების განახლებას.
ასევე გათვალისწინებულია გახმოვანების, განათებისა და დამხმარე ტექნიკური მასალების ნაწილობრივი განახლება, რაც ხელს შეუწყობს როგორც სპექტაკლების ტექნიკური ხარისხის გაუმჯობესებას, ისე შემოქმედებითი ჯგუფებისთვის უფრო მოქნილი სამუშაო გარემოს შექმნას.
ბათუმის თეატრისთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა ახალ სეზონზე მაყურებელს გამართული, უსაფრთხო და ტექნიკურად მაქსიმალურად მომზადებული სცენით შევხვდეთ.






